ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2025-26 აკადემიური წლიდან, ახალი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის – „დიზაინის“ განხორციელებას იწყებს.
როგორც პროგრამის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, სწავლის წარმატებით დასრულებისას სტუდენტები, დიზაინის მიმართულებით, ორმაგ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ნეაპოლის უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებენ. სასწავლო პროცესს ორივე უნივერსიტეტის პროფესორები წარუძღვებიან. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ერთობლივი პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს, საქართველოში დიზაინის მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. გაცვლითი სემესტრის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს ნეაპოლის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ. თავის მხრივ, ნეაპოლის უნივერსიტეტის სტუდენტები, სულ მცირე, ერთ სემესტრს ქუთაისში გაივლიან. გაცვლითი და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება აკადემიური პერსონალისთვისაც იგეგმება.