ახალი რეგულაციები საბანკო სესხებზე

ეროვნული ბანკის კიდევ ერთი რეზონანსული გადაწყვეტილება – სამომხმარებლო სესხების გაცემაზე შეზღუდვები წესდება. ქონებით არაუზრუნველყოფილი სესხების დაფარვის ვადა მცირდება, რაც ბანკში ყოველთვიური შენატანის გაზრდას ნიშნავს. წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის რამდენჯერმე გამკაცრების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის შესამცირებლად ახალ ინსტრუმენტს მიმართა და ახლა სწორედ საკრედიტო აქტივობის შეზღუდვით შეეცდება სამომხმარებლო ფასების დასტაბილურებას, რაც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. უკვე რამდენიმე თვეა, ინფლაციის მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულს აღწევს. სებ-ის მიერ მიღებული ახალი რეგულაცია 2023 წლის აგვისტომდე იმოქმედებს. რამდენად სწორი გზა აირჩია ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად – რეაქციები და პროგნოზები არაერთგვაროვანია.