ახალი რეგულაციები მიკროავტობუსებისთვის - თბილისში შერჩეულია 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებსა და ყვითელ სამარშრუტო ტაქსებს გაჩერება მხოლოდ მოსაცდელებზე შეეძლებათ

დედაქალაქში მიკროავტობუსებისთვის ახალი რეგულაციები წესდება. უკვე შერჩეულია 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებსა და ყვითელ სამარშრუტო ტაქსებს გაჩერება მხოლოდ მოსაცდელებზე შეეძლებათ. ეს განცხადება კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე  გააკეთა.  მერმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრულო პოლიციასთან ერთად დამუშავებულია შესაბამისი საპილოტე პროექტი, იმისთვის, რომ საცობებისგან განტვირთვისკენ ნაბიჯი გადაიდგას.

როდიდან ამოქმედდება გაჩერებებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები და რომელ ქუჩებს შეეხება  ახალი რეგულაციები, ინფორმაციის გავრცელებას მერია უახლოეს დღეებში გეგმავს.

კახი კალაძემ ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურს დაავალა, რომ  კონკრეტულ ქუჩებზე, მოსაცდელთა გაფართოების მიზნით, შესაბამისი  ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდეს.