ახალი რეგულაციები ჯანდაცვის სისტემაში

კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემის, „დიარჯის“ ორთვიანი სატესტო პერიოდი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე მიმდინარე თვიდან, დარღვევების შემთხვევაში, კლინიკების დაჯარიმება დაიწყება. შეგახსენებთ, რომ სისტემა გასული წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. მისი მთავარი პრინციპია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მკურნალობის ტარიფი პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით, ყველა კლინიკისთვის თანაბრად განსაზღვროს. ამასთან, კლინიკებს პაციენტისთვის დამატებითი მომსახურებისთვის თანხის მოთხოვნა აეკრძალათ. ჯანდაცვის სამინისტრომ სისტემის სატესტო პერიოდად ორი თვე აიღო, რომლის განმავლობაშიც, პროგრამის ხარვეზები უნდა გაანალიზებულიყო. შესაბამისად, ამ ორი თვის განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებები, დარღვევების შემთხვევაში არ ჯარიმდებოდნენ. „დიარჯის“ ამოქმედების პირველივე დღეებში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ექიმების ნაწილმა „საყოველთაო ჯანდაცვის“ ფარგლებში ოპერაციების ჩატარებაზე უარი თქვა. მათი თქმით, დაწესებული ტარიფები რთული ქირურგიული ჩარევების ხარჯებს ვერ ფარავს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური „მოამბესთან“საუბარში განმარტავს, ამ საკითხებზე ექიმებთან და კლინიკების ასოციაციებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა და მათი არგუმენტების ნაწილის გათვალისწინებით, პროგრამაში გარკვეული კორექტივები დაიგეგმა, თუმცა, ღუდუშაურის თქმით, მასშტაბური ცვლილებები არ იქნება, რადგან „დიარჯის“ სისტემამ საერთო ჯამში გაამართლა.