არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილმა ცვლილებამ.
საუბარია იმ რეგულაციაზე, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების თვითნებურად გადაკეთებაზე ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს. კანონდარღვევად ჩაითვლება ისეთი ავტომობილის ფლობაც, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების მაყუჩი ექნება გადაკეთებული. მიზეზად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მანქანის მაყუჩის გადაკეთების შედეგად გამოწვეული ხმაურისგან მოქალაქეების დაცვა სახელდება. როგორ უნდა განისაზღვროს ხმაურის დასაშვები ნორმა და როგორ უნდა დადგინდეს, მაყუჩი ქარხნულად არის წარმოებული თუ გადაკეთებულია – ავტომოყვარულებსა და სფეროს სპაციალისტებს რეგულაციების მიმართ შენიშვნები და კონკრეტული მოთხოვნები აქვთ. უკმაყოფილების მიზეზია ისიც, რომ კანონპროექტის დამტკიცებამდე სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციები არ გამართულა.