თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მეწარმეებს ინტენსიურ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას იმ ახალი რეგულაციის შესახებ, რომლის ამოქმედება 2026 წლის პირველი იანვრიდან არის დაგეგმილი.
მერიის ცნობით, თბილისის მერიის ინიციატივით დამტკიცებული ახალი წესი ეხება მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებას ან/და რეალიზაციას. დადგენილებით იკრძალება ზემოაღნიშნული საქმიანობა საცხოვრებელ, რეკრეაციულ, სატყეო, სპეციალურ, სატრანსპორტო და სანიტარიული დაცვის ზონებში. ასევე, დასაშვებ ფუნქციურ ზონებში განისაზღვრა გარკვეული პირობები, რომელთა დაკმაყოფილებაც ტერიტორიის მესაკუთრეებს და მეწარმე სუბიექტებს მოუწევთ. რეგულაციის მიზანია დედაქალაქში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს ხელშეწყობა, მოქალაქეებისა და გარემოს დაცვა მავნე ზემოქმედებისგან, ასევე, საქმიანობის დასაშვები არეალების, სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონების მოწესრიგება, საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისა მისაღწევად.