ახალი პროგრამა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის

თურქეთი, ისრაელი და ესპანეთი – სამ ქვეყანაში უკვე შერჩეულია ის კლინიკები, სადაც საქართველოდან ჩასული 18 წლამდე ასაკის ონკოპაციენტები სახელმწიფო დაფინანსებით იმკურნალებენ.

განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო. გაწერილია ის პროცედურები, რომლებიც ოჯახის წევრებმა სახელმწიფო პროგრამაში მოსახვედრად უნდა გაიარონ. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ონკოლოგებისგან დაკომპლექტებული საბჭო ორი კვირის ვადაში მიიღებს. დაფინანსების პაკეტი დიაგნოზის დასმის შემდეგ გათვალისწინებულ ყველა სამკურნალო პროცედურას და საჭიროების შემთხვევაში განმეორებით დიაგნოსტიკას მოიცავს. პროგრამისთვის წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოიყოფა. პროექტი საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის გახსნამდე იმოქმედებს.