ახალი პროგრამა მეზღვაურებისთვის
ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიის დაუფლება კიდევ ერთ ზღვისპირა ქალაქში იქნება შესაძლებელი. მეზღვაურების მოსამზადებელი ოთხ წლიანი საბაკალავრო პროგრამა, ბათუმის საზღვაო აკადემიამ ფოთის ფილიალშიც აამოქმედა. პროგრამის ფარგლებში, აკადემია 25 კადეტს მიიღებს და მათ სწავლას სრულად სახელმწიფო დააფინანსებს. საქართველოს მზარდი საზღვაო-სატრანზიტო პოტენციალის და მაღალი ანაზღაურების გათვალისწინებით, მეზღვაურის პროფესიისადმი ინტერესი ყოველწლიურად იმატებს. 2010 წლიდან ამ დრომდე ქართველი მეზღვაურების რაოდენობა 8000-იდან 20 ათასამდეა გაზრდილი. ფოთში ნავიგაციის ფაკულტეტის განვითარება მიზნად ისახავს კიდევ უფრო მეტი პროფესიონალი კადრის მომზადებას და მსოფლიოში საქართველოს, როგორც კონკურენტუნარიანი საზღვაო სახელმწიფოს იმიჯის გაუმჯობესებას.