რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების არაპროგნოზირებადი შედეგი.
ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყანაში სრულიად მოულოდნელად დამოუკიდებელი კანდიდატი, 62 წლის ინჟინერ-აგრონომი კალინ ჯორჯესკუ ლიდერობს, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში ხმების 22 % მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა. არჩევნებამდე ჯორჯესკუ საერთოდ არ იყო ყურადღების ცენტრში და წინასწარი გამოკითხვებიც სხვა შედეგებს აჩვენებდა. საარჩევნო კამპანიაში ის აქტიურად იყენებდა სოციალურ ქსელებს, მათ შორის „ტიკ-ტოკს“. დასავლური მედია კალინ ჯორჯესკუს ულტრამემარჯვენე და დასავლეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილ კანდიდატად განიხილავს.
თავად ჯორჯესკუ პოლიტიკურ მანიფესტში მთავარ საკითხად ეროვნულ ინტერესებს ასახელებს. რუმინეთში პრეზიდენტი ხუთწლიანი ვადით ირჩევა. სახელმწიფოს მეთაურს უფლება აქვს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა და სასამართლო. 8 დეკემბერს რუმინეთში არჩევნების მეორე ტურია. ჯორჯესკუს მეტოქე პროევროპული „რუმინეთის ხსნის კავშირის“ ლიდერი, ელენა ლასკონია.