ახალი პოლიტიკური რეალობა ევროპისთვის 

გამწვავებული ტრანსატლანტიკური ურთიერთობა, რომელზეც ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერები უკვე ღიად საუბრობენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი აშშ-ს პრეზიდენტს ანტიევროპულ მიდგომებზე მიუთითებს და იმ გზებზე მიანიშნებს, რომლებიც ევროკავშირს გამოსაღვიძებლად და გლობალური ძალაუფლების განსამტკიცებლად სჭირდება. დაძაბულობა, რომლის ნიშნები ხელისუფლებაში ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლისთანავე გაჩნდა, უკრაინის ომის დასასრულებლად დაწყებული გადამწყვეტი მოლაპარაკებების ფონზე კიდევ უფრო გაღრმავდა. მაშინ, როცა ევროპის ქვეყნები საკუთარი მნიშვნელობის და აქტუალურობის ხაზგასმას და მოლაპარაკებათა მაგიდასთან საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ, სულ უფრო ხშირად ისმის გზავნილები რუსეთთან დიალოგის დაწყებაზეც. ამ საკითხს კიდევ ერთხელ ააქტიურებს საფრანგეთის პირველი პირი, რომელიც ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან ერთად უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. საფრანგეთის მხრიდან მოსკოვთან ტექნიკურ დონეზე დისკუსიის არხების აღდგენას რუსეთშიც ადასტურებენ.