ახალი პოლიტიკური ჯგუფები - უთანხმოება ოპოზიციაში

ურთიერთბრალდებები დღეს ერთმანეთისთვის არც „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ და ყოფილ დეპუტატებს დაუკლიათ.

ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის მიერ ინიცირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა და პირველი მოსმენის დროს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ყოფილ თანაგუნდელებს შორის მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა. საუბარია რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე, რომლის დამტკიცების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულ წევრებს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება ექნებათ. ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში ფიქრობენ, რომ მათგან წასული დეპუტატების ინიციატივა პარტიის რღვევას წაახალისებს. დარჩენილებმა წასულებს პოლიტიკური ჯგუფის შექმნით მისაღებ ფინანსურ და სხვა სიკეთეებზეც მიუთითეს, რასაც ადრესატებისგან საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა.