ახალი პლატფორმა საბაზისო პროდუქტებზე ფასების მონიტორინგისთვის 

21:06, 21.05.2026

სიახლე მომხმარებლებისთვის და ახალი ვალდებულება ქსელური მარკეტებისთვის – ყველა იმ საკვებ პროდუქტზე, რომლებზეც ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს, მოქალაქეებმა ინფორმაცია ერთ სივრცეში ელექტრონულადაც უნდა მიიღონ. ეს ნიშნავს, რომ შეიქმნება საინფორმაციო პორტალი, სადაც საოჯახო კალათაში შემავალ 15-მდე სასურსათო პროდუქტზე შესაბამისი მონაცემები განთავსდება. სავაჭრო ობიექტები მოვალეები ხდებიან, საკუთარ შეთავაზებებზე განახლებული ინფორმაცია ყოველკვირეულად მიაწოდონ კონკურენციის სააგენტოს, რომელიც ელექტრონული კალათის საშუალებით პირველად სასურსათო პროდუქტებზე არსებულ ფასებსა და შეთავაზებებს გააკონტროლებს. ინიციატივის ერთ-ერთ მიზეზად ის დასკვნა სახელდება, რომელიც სურსათის ფასების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ სამთვიანი მუშაობის შემდეგ ცოტა ხნის წინ მოამზადა. სწორედ ამ დასკვნის გამოქვეყნებიდან მალევე განსაზღვრეს ქსელურმა მარკეტებმა საოჯახო კალათაში შემავალი ის 15-მდე საკვები პროდუქტი, რომლებსაც მომხმარებლებს სპეციალური ფასებით სთავაზობენ. მოლოდინია, რომ პორტალი, სადაც მონაცემები ყოველ კვირა განახლდება, კონკურენციას და მოქალაქეების ინფორმირების დონეს გაზრდის.

მსგავსი