ახალი პარტიების შექმნის ინიციატივა - პოლიტიკური პოზიციები

მოჰყვება თუ არა 28 ნოემბრის შემდეგ აგორებულ საპროტესტო ტალღას ცვლილებები ოპოზიციურ ფლანგზე.

ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ გამოსვლებში სულ უფრო ააქტიურებს ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენის საჭიროების საკითხს. როგორც ჩანს, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის განცხადების მთავარი ადრესატები ის ადამიანები არიან, რომლებისთვისაც მოქმედი ოპოზიციური სპექტრიც მიუღებელია. სალომე ზურაბიშვილი ახალი პოლიტიკური პარტიების ფორმირებას ახალი არჩევნებისთვის მზადების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს. თუმცა ექს-პრეზიდენტი არ აკონკრეტებს, ვის მოიაზრებს ახალ ლიდერებად და გულისხმობს თუ არა იმ ადამიანებს, რომლებიც საპროტესტო აქციებზე აქტიურობენ. უცნობია ისიც, აპირებს თუ არა ყოფილი სახელმწიფო მეთაური პარტიის შექმნას თავად. სალომე ზურაბიშვილის მოწოდებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და პოზიციები გაყო ოპოზიციაში, რომელიც ექს-პრეზიდენტთან უკვე თვეებია, მჭიდროდ თანამშრომლობს და ახალი არჩევნების მიღწევის გზებს მასთან ერთად სახავს.