ახალი ომბუდსმენის არჩევის წესი

ახალი ომბუდსმენის არჩევამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება – გადაწყვეტილება ახლა დეპუტატებზეა. ოპოზიციურ სპექტრს დრო 21 ოქტომბრამდე აქვთ იმისთვის, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე კონკრეტული გვარები დაასახელონ. ომბუდსმენობის მსურველ 19-ვე კანდიდატის ინდივიდუალური შეფასება უკვე ცნობილია. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა ცხრაკაციანმა კომისიამ, ყველაზე მაღალი, 321 ქულა მესამე სექტორის მიერ დასახელებულ კანდიდატს, ანა აბაშიძეს მიანიჭა. ნუგზარ კოხრეიძესა და სერგო მახარაძესთან ერთად, პირველ ხუთეულში მოხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ორი კანდიდატი, ნაზი ჯანეზაშვილი და გიორგი ბურჯანაძე.

კომისიის წევრების განმარტებით, კანდიდატები ოთხი კრიტერიუმის, რეპუტაციის, მიუკერძოებლობის, განათლებისა და გამოცდილების მიხედვით შეაფასეს. ახალი სახალხო დამცველის დამტკიცებას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მე-10 მოწვევის პარლამენტში კი ხმათა ეს რაოდენობა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას აქვს. ამიტომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას, ომბუდსმენის ექვსი წლის ვადით დასამტკიცებლად, ერთმანეთთან თანამშრომლობა მოუწევთ. თუ პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს ვერ დაამტკიცებს, მის შესარჩევად ახალი კონკურსი გამოცხადდება.