ახალი ნაგავსაყრელი აჭარაში

ეკოლოგიური პრობლემა, რომელიც ბათუმს წლებია აწუხებს და რომლის გადაჭრის შესაძლებლობა გაჩნდა – მდინარე ჭოროხთან არსებულ ღია ნაგავსაყრელს, ქობულეთში ნარჩენების მართვის თანამედროვე ობიექტი ჩაანაცვლებს. მშენებლობა, რისთვისაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და „სიდამ“ 7 მილიონი ევრო გამოყვეს, დასრულებულია. ტექნიკური აღჭურვის შემდეგ კი ობიექტი ექსპლუატაციაში შევა და ნარჩენებს მთელი აჭარიდან მიიღებს.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ ახალი ნაგავსაყრელი ახალ ეკოლოგიურ პრობლემას უკვე ქობულეთში შექმნის, რადგან ის დასახლებულ ტერიტორიასთან, მდინარესა და ავტობანთან მდებარეობს. აჭარის ფინანსთა და ეკონიმიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ადგილმდებარეობა 23 კრიტერიუმის გათვალისწინებით და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით შეარჩიეს. ობიექტი თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და ეკოლოგიურად უსაფრთხოა. ობიექტის მიმდებარედ ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაც იგეგმება. ამასთან ახალი ნაგავსაყრელი ალტერნატიული ენერგიის მიღების წყაროც იქნება.