აშშ-სა და ნატოს წევრ ევროპის ქვეყნებს შორის გაუარესებული ურთიერთობა მსოფლიო გეოპოლიტიკურ მოცემულობას ცვლის და ახალ მსოფლიო წესრიგს ქმნის.
დანიის მფლობელობაში არსებული გრენლანდიის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე ევროპელი ლიდერები ვაშინგტონს ევროპის დასუსტების და დამორჩილების მცდელობაზე მიუთითებენ – ამერიკის პრეზიდენტის პოზიციონირება და მიდგომები სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის წესების დარღვევად და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევად ფასდება. ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულ ურთიერთობას განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებიან თბილისიდან. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური დიალოგის ყველა დონეზე შეჩერების და ევროპელი ლიდერების კრიტიკული განცხადებების გათვალისწინებით მიმდინარე გლობალური პროცესების მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. მმართველი გუნდი პარალელს საქართველოსთან ავლებს და ევროპელ მაღალჩინოსნებს ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს და საქართველოს მიმართ პოზიციონირებას ახსენებს. ამავე კონტექსტში განიხილება უკრაინის ომის დასასრულებლად რუსეთთან დიალოგის დაწყების საჭიროება, რაზეც ბოლო კვირებში ევროპაში საუბარი სულ უფრო აქტიურდება.