ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება
ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს, – 5 000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეცნო. პროექტით გათვალისწინებულია მთავარი და სათადარიგო სპორტული დარბაზების, სატრენაჟორო სივრცის, აუზის, მსაჯებისა და საერთაშორისო დელეგაციების ოთახების, საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და რეკრეაციული ზონის მოწყობა. ქუთაისის სპორტის სასახლე, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების, ასევე კონფერენციებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების მასპინძლობას შეძლებს. ახალი სპორტის სასახლე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდი, 70 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი, მრავალფუნქციური პარკის აშენებას გეგმავს. სივრცე გააერთიანებს საბავშვო სათამაშო ზონებს, სპორტულ მოედნებს და სავარჯიშო სივრცეებს, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელს, კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცეებს, ღია სცენას, პავილიონებს და ღონისძიებების მოედნებს. ქუთაისის პარკში, ასევე, უნდა განთავსდეს საინფორმაციო ცენტრი, პერგოლები, ჭადრაკის მაგიდები, მოეწყოს დეკორატიული ტბები და შადრევნები. მთავრობის მეთაური, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ასევე გაეცნო ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, გამწვანების ახალი ზოლების გაშენებას, ტერიტორიის კეთილმოწყობას, მცირე არქიტექტურული ნაგებობების განთავსებას და განათების სისტემის განახლებას ითვალისწინებს. პარკში ასევე მოეწყობა ბავშვთა და სპორტული ზონები, საპიკნიკე სივრცეები და ამფითეატრი.