ახალი კორონავირუსის შემთხვევათა სტატისტიკა

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი, ბოლო კვირის განმავლობაში შემცირებულია და ათს არ აღემატება. დღეს შემთხვევათა საერთო სტატისტიკა მხოლოდ ორით გაიზარდა.  ერთ დღე-ღამეში, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 16 აპრილს იყო, რაოდენობამ  42 შეადგინა. მას შემდეგ კი ინფიცირებულთა რაოდენობა ეტაპობრივად იკლებს, პარალელურად იზრდება გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი. ბოლო 24 საათში კოვიდ-19, 13 ადამიანმა დაამარცხა, ჯამში კი ინფექციისგან 522 პირი განიკურნა.

ყოველდღიურად იმატებს ქვეყანაში „პისიარ“ ანუ ოქროს სტანდარტით ჩატარებული კვლევების რაოდენობა. ახალ კორონავირუსზე ყველაზე სანდო, ლაბორატორიული მეთოდით 48 ათას 500-ზე მეტი კვლევა ჩატარდა

სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, შედარებით რთულია მდგომარეობა ქვემო ქართლში. თუმცა დადებითი დინამიკა აქაც აღინიშნება. ბოლნისში, კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევა დღეს არ დაფიქსირებულა. რეგიონში უკვე მესამე დღეა ეპიდემიოლოგები მუშაობენ. შემთხვევითობის პრინციპით, ყველა ტერიტორიულ ერთეულში მოსახლეობას სწრაფი  ტესტირება უტარდება. სულ ბოლნისში ხუთ დღეში ამ პრინციპით 150 ადამიანი უნდა შემოწმდეს. ამასთან, ჩაკეტილი რჩება ორი სოფელი – გეტა და მუშევანი. კვლავ წითელი ზონაა თეთრიწყარო, თუმცა ვითარება აქაც გაუმჯობესებულია. უკვე მესამე დღეა მუნიციპალიტეტში ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. რეგიონში კოვიდ-19-ის 55 ფაქტია დადასტურებული, აქედან 21 უკვე განიკურნა.