ახალი კორონავირუსის პანდემია

ორთვიანი საკარანტინო რეჟიმის შემდეგ, შეზღუდვების მოხსნას იწყებენ ევროპაშიც. მათ შორის იტალიასა და ესპანეთშიც, რომლებიც კოვიდ-19-მა ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტად დააზარალა. იხსნება საწარმოები, ასევე სავაჭრო დაწესებულებების და ბიზნეს-კომპანიების ნაწილი. ხალხი ნელ-ნელა ცხოვრების ძველ რიტმს უბრუნდება, თუმცა სოციალური დისტანცირების, ჰიგიენის წესებისა და სხვა რეკომენდაციების დაცვით. ევროპის ქვეყნებმა პიკი პრაქტიკულად გადალახეს, რაზეც ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა და დაღუპულთა კლების ტენდენცია მიუთითებს.

პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, ახალი კორონავირუსის გავრცელების გარემოებებზე, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ჩინეთთან კითხვები აქვთ. პეკინის მიმართ შეფასებებში განსაკუთრებით მწვავეა აშშ-ის პოზიცია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.