ახალი კორონავირუსის პანდემია

ვითარება მძიმეა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ეპიდემიის პიკზეა შერთებული შტატები, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით 2 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამერიკიდან ჩინეთის მისამართით ახალი პრეტენზიები ისმის. კონტროლს ამკაცრებს იაპონიაც. ქვეყნის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

დაავადების გავრცელების სისწრაფე არ შენელებულა დიდ ბრიტანეთშიც. გერმანიის კანცლერმა კი დღეს ის მაჩვენებლები დაასახელა, რომლის გადაცილების შემთხვევაში, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას სიტუაციის მართვა გაუჭირდება. ბოლო დღეებში გერმანიაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა სტატისტიკას აჭარბებს.

ახალი ტიპის კორონავირუსის გამო, მსოფლიო მასშტაბით სულ მცირე 4.5 მილიარდი ადამიანი საკარანტინე რეჟიმში იმყოფება. მსოფლიოს 110 ქვეყანასა და ტერიტორიაზე მთავრობები ცდილობენ, მოსახლეობა სახლებში დატოვონ. ახლა ყველას ერთი მიზანი ერთიანებს – შეაჩერონ კორონავირუსის გავრცელების სისწრაფე.