ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 

დინამიკა ისევ აღმავალია. მწვანე ზონის სტატუსის დაკარგვამდე ქვეყანას მცირე ზღვარი აშორებს. 2 410 ინფიცირებულს დღეს „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 259 ახალი შემთხვევა დაემატა. ეპიცენტრი ისევ აჭარაა, სადაც ხვალიდან მობილობის შესამცირებლად და დაავადების მასობრივი გავრცელების შესაკავებლად ზომები მკაცრდება. ნაწილობრივ იზღუდება კვების ობიექტების და მთლიანად იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ თბილისში, იუსტიციის სახლში მოწყობილ სივრცეში  ნებაყოფლობითი პისიარ-ტესტირების დროს ვირუსი ოთხ ადამიანს დაუდასტურდა. ციფრების მკვეთრი ზრდის ფონზე ხშირ შემთვევაში ინფიცირების წყაროს დადგენა ვეღარ ხერხდება.

საყურადღებო ეპიდვითარების ფონზე სპეციალისტები მობილობის შემცირების მნიშვნელობაზე ალაპარაკდნენ და გადაადგილებისგან თავის შეკავებას განსაკუთრებით ხანდაზმულებს ურჩევენ. აჭარაში, სადაც ბოლო ორი დღეა ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი 160-ს აჭარბებს, კლინიკებში მხოლოდ 80 საწოლია თავისუფალი. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი კოვიდ-პაციენტების მისაღებად სულ 750 ადგილი რჩება.