ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 

აჭარის შემდეგ „კოვიდ-19“-ის უკონტროლო გავრცელების რისკები იზრდება იმერეთის რეგიონში.

ეპიდაფეთქების კერები ქუთაისს გასცდა და რამდენიმე რაიონი მოიცვა. მარტო დღეს იმერეთში 53 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. მკვეთრად იმატებს დაუდგენელი წყაროების რაოდენობაც. საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 193-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ კვირაში გავრცელების დინამიკა სტაბილურია – მაჩვენებელი მკვეთრად არც ზემოთ და არც ქვემოთ იწევს და საშუალოდ 150-დან 200-მდე ნიშნულს შორის მერყეობს. დამაიმედებელია ის გარემოება, რომ აჭარაში ნახტომისებური მატების და ეპიდაფეთქებების ფონზე დაავადებულთა რიცხვის კლება შეინიშნება. რეგიონის დღევანდელი მონაცემები სამ ციფრიან ნიშნულს ჩამოსცდა და 92-ია.

დღეს გაიზარდა ვირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკაც. „კოვიდ-19“ -მა მეოცე პაციენტი იმსხვერპლა. სამოცი წლის ქალბატონი, ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო და ქუთაისის კლინიკაში მკურნალობდა. ორკვირიანი  სამნიშნა მატების მიუხედავად, სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ჯერ ისევ კონტროლირებადს უწოდებენ. არ დგას მკაცრი შეზღუდვების შემოღების აუცილებლობაც. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა მზად არის კოვიდ-პაციენტებისთვის მობილიზებული საწოლების რაოდენობა კიდევ გაზარდოს.