ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

ბათუმი მაღალი რისკის ზონა ხდება. ცნობილი საკონდიტრო მაღაზიის კლასტერი უკვე 23 ინფიცირებულს მოიცავს. ფართოა კოვიდ-19-ით დაავადებულთა კონტაქტების ჩამონათვალი, რომელიც 100-ს აღწევს. ამოწმებენ ყველას, ვისაც მაღაზია „დონას“ ინფიცირებულ თანამშრომლებთან ჰქონდათ შეხება. ზღვისპირა ქალაქის ჩაკეტვის საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დგას, თუმცა პრევენციული ზომები მკაცრდება. ეპიდემიოლოგთა ჯგუფები მუშაობენ ჩაქვში მდებარე პრესტიჟულ სასტუმრო „ოაზისშიც“, სადაც კოვიდ-19 ერთ-ერთ ვიზიტორს დაუდასტურდა. ის ექიმია და „ოაზისში“ მიმდინარე 400-კაციან სამედიცინო კონფერენციას ესწრებოდა. სასტუმრო ახლა დაკეტილია, იქ მყოფი დამსვენებლები ტერიტორიის დატოვებას მხოლოდ „პისიარ“ ტესტირების ჩატარებისა და კვლევის პასუხების მიღების შემდეგ შეძლებენ.

გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს ბათუმშიც, სადაც კოვიდ-19-ით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა, ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის ერთ-ერთ ხაზზე დაფიქსირდა. შესაბამისად, ადგილობრივი მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, ისარგებლონ უფასო მომსახურებით და „პისიარ“ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტესტირება ჩაიტარონ. აჭარაში გართულებული ეპიდვითარების ფონზე, მკაცრდება სხვადასხვა ობიექტების მონიტორინგიც. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინსპექტორები ბიზნესსუბიექტებს ფულად სანქციას დააკისრებენ.