ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

კორონავირუსის გავრცელების ტემპები მკვეთრად მცირდება. დღეს ხუთი ახალი ინფიცირებულის შესახებ გახდა ცნობილი, გამოჯანმრთელდა თითქმის ხუთჯერ მეტი. ამ მომენტისთვის, კლინიკებში „კოვიდ-19“-ით 264 პაციენტი მკურნალობს. ახალი შემთხვევებიდან ორი ისევ ბოლნისსა და თეთრიწყაროს უკავშირდება, დანარჩენი სამი კი, დაავადებულთა კონტაქტია. ბოლო ორ კვირაში გაზრდილია ტესტირების მასშტაბი და გაფართოებულია მიზნობრივი ჯგუფები. 26 თებერვლის შემდეგ, საქართველოში ოქროს სტანდარტად მიჩნეული „პისიარ“ ტექნოლოგიით უკვე 33 500 ადამიანი დატესტეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში, დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ დიაგნოსტრებისთვის მსოფლიო მხოლოდ „პისიარ“ ტესტებს იყენებს, სწრაფ ტესტებს კი ამ პროცესში დამხმარეს ფუნქცია აქვს. ოპონენტთა ბრალდებების პასუხად, ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთხელ მოუხდა იმის განმარტება, თუ რა პრინციპით ხდება ტესტების შესასყიდად კონკრეტული კომპანიების შერჩევა და რატომ გაუქმდა ჰოლანდიურ კომპანიასთან 30 000 ტესტის მოსაწოდებლად გაფორმებული ხელშეკრულება.