ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

საღამოს ცხრა საათის მონაცემებით, სამ აპრილს ქვეყანაში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა დღეს აღარ შეცვლილა. კარანტინშია 5 300-ზე მეტი ადამიანი. დღეს გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის საეჭვოა ერთი პაციენტი, მისი კონტაქტების კვლევა ჯერ ისევ გრძელდება. დანარჩენები უკვე დადგენილი კლასტერებიდან არიან.

დღეს და გუშინ შემთხვევების ზრდის დინამიკის მატება შეინიშნება. ამიტომ ახლა მთავარი დატვირთვა ჰოსპიტალურ სექტორზე მოდის. ორი დღის განმავლობაში უნდა შემოწმდეს ყველა ის კლინიკა, სადაც „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულებს მკურნალობენ. გადამოწმდება საწოლების რაოდენობა, სამედიცინო პერსონალის მზადყოფნა და სამედიცინო აღჭურვილობის რაოდენობა. ამ მომენტისთვის კორონავირუსით დაინფიცირებულებს ქვეყნის მასშტაბით 10 კლინიკაში მკურნალობენ. მოვლენების განვითარების კვალდაკვალ საავადმყოფოების რაოდენობა გაიზრდება.