ახალი კორონავირუსის გაუარესებული მაჩვენებელი

ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკშია.

პირველად ბოლო ათ თვეში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა დღიურმა რაოდენობამ უკვე თითქმის 2 800-ს მიაღწია. ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია, მწვავედ დგას ადამიანური რესურსის პრობლემა. ბოლო 24 საათში სამედიცინო პერსონალიდან კიდევ 183 ადამიანი დაინფიცირდა. ქვეყანაში გაზრდილი მობილობის ფონზე პროგნოზები კიდევ უფრო მძიმეა. დღეიდან ცვლილებები შედის ბინებზე და კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობის სქემაში, ასევე ინფიცირებულების მიღების ვალდებულება ექნება ყველა იმ კლინიკის გადაუდებელ სამსახურს, სადაც კრიტიკული პაციენტების სამართავად საჭირო პირობებია. განიხილება ყველა საავადმყოფოს ჩართვის გეგმაც. მკვეთრად არის გაზრდილი თბილისის მაჩვენებელი – 1 044 შემთხვევა ბოლო 24 საათში.

ბოლო მონაცემებით საქართველოში მართვით სუნთქვაზე 268 პაციენტი იმყოფება, ყოველი 125 ინფიცირებულიდან კი 1 იღუპება. საგანგაშო სტატისტიკის ფონზე დამატებითი ფუნქციები ემატება კოვიდ-სასტუმროებს. პაციენტები, ვინც ჰოსპიტალიზირებას არ საჭიროებენ, თუმცა რისკ-ფაქტორის მატარებლები არიან, სწორედ კოვიდ-სასტუმროში განთავსდებიან და ჩაუტარდებათ შესაბამისი კვლევა, საჭიროების შემთხვევაში მსუბუქი მკურნალობაც. ბინაზე დარჩენილი მსუბუქი პაციენტების სამართავად კი, დაგეგმილია პირველადი ჯანდაცვის  ექიმების რგოლის გაძლიერებაც.