ახალი კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში

ეპიდემიის  გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 95 მილიონს აღწევს. პანდემიამ ორ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.  როგორც ვირუსის გავრცელების, ისე  ლეტალური შემთხვევების კუთხით, ყველაზე რთული მდგომარეობა ამერიკის შეერთებულ შტატებშია, მას მოჰყვება ინდოეთი და  ბრაზილია.

რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა ევროპის კონტინენტზეც. იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის 16 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 475 პაციენტი გარდაიცვალა. საფრანგეთში კი, ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 21 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. პანდემიამ ქვეყანაში სულ 70 ათასზე მეტი პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.  ქვეყანაში დაფიქსირებული კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების დაახლოებით ერთი პროცენტი, ვირუსის ახალ შტამს უკავშირდება. დიდ ბრიტანეთში ვირუსის 41 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 1295 მოქალაქე. ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს გაუკეთდა.