ახალი კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვმა 10.9 მილიონს, დაღუპულების რიცხვმა კი 520 000-ს გადააჭარბა. აშშ-ში ინფექციის რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ბოლო ერთ დღეში, აშშ-ში „კოვიდ-19“ 53 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 649 ადამიანი დაიღუპა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს უკვე 128 677 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირების შემთხვევებმა აშშ-ში ორ მილიონ 700 000-ს გადააჭარბა.

ბოლო ერთ დღეში, ინდოეთში  „კოვიდ-19“ 20 903 ადამიანს დაუდასტურდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 625 544 შემთხვევა გამოვლინდა და 18 213 ადამიანი დაიღუპა.

მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 6 741 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 238 511 შემთხვევა გამოვლინდა. „დოიჩე ველე“ წერს, რომ აღნიშნული მონაცემებით, მექსიკამ ირანს გადაუსწრო და ინფიცირების შემთხვევებით მსოფლიო ქვეყნების ათეულში შევიდა.