ახალი კონფიგურაცია პარლამენტში

მოსალოდნელი ახალი პოლიტიკური სურათი პარლამენტში.

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული ეკა ბესელია თანამოაზრეებთან ერთად ახალი ფრაქციის შესაქმნელად კონსულტაციებს იწყებს. ამ ეტაპზე თავად ბესელიას ჩათვლით მომავალ ფრაქციაში ოთხი ადგილი უკვე გარანტირებულია. თუმცა ფრაქციის ფორმირებას კიდევ მინიმუმ ორი დეპუტატის გაწევრიანება სჭირდება.

ბესელიასთან ერთ პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანებას არა, თუმცა უმრავლესობიდან წასვლაზე და ყოფილ თანაგუნდელებთან თემატურ თანამშრომლობაზე ფიქრობენ გია ჟორჟოლიანი და სხვა „სოციალ-დემოკრატები“.

კონსულტაციები იგეგმება ოპოზიციაშიც. უმრავლესობის რიგებიდან კიდევ სამი დეპუტატის წასვლის შემთხვევაში „ევროპული საქართველო“ უმცირესობის სტატუსს დაკარგავს, რის შესანარჩუნებლად „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გზები შესაძლოა, კიდევ ერთხელ გადაიკვეთოს.