მმართველი გუნდის განცხადებით, უცხოელთა მიმართ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება, რის გამოც, საკანონმდებლო ორგანო ახალ კანონპროექტზე მსჯელობას იწყებს. ცვლილებების პაკეტი 18 კანონს შეეხება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული და პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში, უცხოელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სასჯელის ახალი სახე იარსებებს, რომელიც საქართველოდან გაძევებას და განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვას გულისხმობს. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის. სასჯელის სახით დანიშნულ საქართველოში შემოსვლის აკრძალვაზე, დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით, განსხვავებული ვადები დგინდება. კონკრეტულად, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უცხოელს შეიძლება დაენიშნოს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 2-დან 10 წლამდე ვადით, ხოლო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 5-დან 20 წლამდე ვადით. ასევე დაგეგმილია ჯარიმების გაზრდა საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესების დარღვევის გამო.