საცობების განტვირთვის მიზნით დაწყებული კიდევ ერთი პროექტი დასრულდა.
უნივერსიტეტის და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი თითქმის 200 მეტრიანი გვირაბი გახსნილია. ის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ იწყება და გასასვლელი მიხეილ შავიშვილის ქუჩაზე აქვს. ახალი სატრანსპორტო ხაზით, ბაგების ხიდიდან მომავალ ავტომობილებს უნივერსიტეტის ქუჩის შემოვლა აღარ მოუწევთ და ქავთარაძის ქუჩას დაახლოებით ერთ წუთში პირდაპირი გზით დაუკავშირდებიან. სრულად რეაბილიტირდა გვირაბთან არსებული შავიშვილის ქუჩაც. დასრულებული პროექტი თბილისის მერმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნა.