ახალი დეტალები გიორგი შაქარაშვილის საქმეში - გამოძიებამ დაადგინა, რომ საქმეში კიდევ სამი ავტომობილი ფიგურირებს; გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი დაკავებულთა ბრალის დამძიმებას ითხოვს, ადვოკატები კი ბრალის დამძიმების საფუძველს ვერ ხედავენ. საქმის ახალი დეტალები და მოწმეთა ჩვენებები

დღემდე უცნობი გარემოებები გიორგი შაქარაშვილის საქმეში.

18-ტომიანი საგამოძიებო მასალებიდან ირკვევა, რომ არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ შემთხვევის ადგილზე სამი ავტომობილი მივიდა. თუ იქ მსხდომი პირების ჩვენებებს დავეყრდნობით, სამი მანქანა თბილისიდან, კერძოდ, საბურთალოდან მცხეთაში ვახო ახვლედიანის და კოკო ღიბრაძის თხოვნით წავიდა და გამგზავრების მიზანი ნაცემი ახალგაზრდების თბილისში წამოყვანა იყო. ახლა ყველაზე საინტერესოა, რეალურად რისთვის ჩავიდა სამ ავტომობილში გადანაწილებული 10-მდე პირი არაგვის ხიდთან, რა სიტუაცია დახვდათ ადგილზე და სცადეს თუ არა გიორგი შაქარაშვილის მოძებნა, რომელსაც თავდამსხმელთა დევნის დროს ახვლედიანი რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩებოდა. ამ კითხვებს პასუხები გენეტიკურმა ექსპერტიზამ უნდა გასცეს, რომელიც ყველა მათგანს ჩაუტარეს. ახალი დეტალები ხდება ცნობილი შაქარაშვილის უახლოესი მეგობრის დაკითხვის ოქმიდანაც.