ახალი დაფინანსების სისტემა უნივერსიტეტებში

21:03, 01.08.2026

სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის პირველი ორი სემესტრის სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად და უპირობოდ დაფარავს, შემდგომ სემესტრებში კი 100%-იანი დაფინანსებისთვის, სტუდენტმა თითოეულ საგანში 51%-იანი, მინიმალური ნიშნული უნდა გადალახოს, თუკი აღნიშნულ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო სწავლის საფასურის 50%-ს გადაიხდის. ამის გარდა, სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა, მომდევნო სემესტრში აირჩიოს დამატებითი საგნები და მიიღოს იმ კრედიტების რაოდენობა, რომლითაც სრულ დაფინანსებას აღიდგენს. ასეთია განათლების მინისტრის პასუხი რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელებულ არაერთგვაროვან შეფასებებზე, რომელსაც გივი მიქანაძე დეზინფორმაციას უწოდებს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ამოქმედდება. დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პირველი ეტაპისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 42 მილიონი ლარი გამოიყოფა და 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მილიონ ლარს მიაღწევს. ამ საკითხზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მსოფლიო ბანკთან ერთად, რამდენიმე წელია მუშაობს.

ახალი მოდელი სისტემაში არსებული საჭიროებების ანალიზის, საუკეთესო პრაქტიკის შესწავლისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა.

მსგავსი