ახალი ციფრული პლატფორმა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მომხმარებლებისთვის ახალი ციფრული პლატფორმა აამოქმედა, რომელიც საგადხდო მომსახურებების შედარებას ბევრად უფრო მარტივსა და სწრაფს ხდის. თუ აქამდე სხვადასხვა ბანკის ტარიფების, დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების, ვალუტის გაცვლითი კურსებისა თუ სხვა მომსახურებების შესადარებლად, თითოეული ბანკის ვებგვერდზე ცალ-ცალკე ინფორმაციის მოძიება იყო საჭირო, ახლა ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია – ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა თავმოყრილი. ახალი პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეადარონ კომერციული ბანკებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების პირობები, გამოიყენონ სხვადასხვა ფილტრი, შეაფასონ მომსახურების სრული ღირებულება და სპეციალური კალკულატორების დახმარებით, წინასწარ გამოთვალონ, როგორც კონკრეტული ოპერაციის, ისე მთელი წლის განმავლობაში საბანკო მომსახურებით სარგებლობის სავარაუდო ხარჯი. პლატფორმაზე ასევე ხელმისაწვდომია დეპოზიტების ეფექტური საპროცენტო განაკვეთების, მიმდინარე გაცვლითი კურსებისა და საბარათე ოპერაციების შედარების ფუნქციებიც, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებამდე სხვადასხვა ალტერნატივის შეფასებას ცდილობს.