ახალი ბრალი გაგა მკურნალიძის წინააღმდეგ

ახალი ბრალდება არაერთი გახმაურებული საქმის ფიგურანტის მიმართ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს, გაგა მკურნალიძეს ამჯერად ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ედავებიან. მასთან ერთად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულია სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი, გიორგი ბუთლიაშვილიც. საქმე ეხება 2010 წლის ეპიზოდს, რაზეც თავის დროზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამსახურდიას მიმართ ევროპული კონვენციის მუხლის დარღვევა დაადგინა, რის საფუძველზეც, ახალი გამოძიება დაიწყო. გამოძიების ცნობით, გამსახურდია პატიმრების წამების და ცემის ფაქტებზე ადვოკატების მეშვეობით ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას ცდილობდა, რის აღსაკვეთადაც მის წინააღმდეგ დანაშაულებრივი გეგმა მომზადდა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, გეგმაში მკურნალიძემ და ბუთლიაშვილმა კონტროლიორიც ჩართეს.