ახალი ბრალი და საპროცესო შეთანხმება ჯუანშერ ბურჭულაძესთან
„ქართული ოცნების“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა ციხე შესაძლოა, ვადაზე ადრე დატოვოს. თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.
საუბარია იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. საუბარია დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ეპიზოდზე, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილია. ამ ეპიზოდზე მთავრობის ყოფილ მეთაურს ბრალი ორი კვირის წინ წაუყენეს და პროკურატურამ მაშინვე განაცხადა, რომ მითითებულ საქმეზე გამოძიებასთან სწორედ ბურჭულაძემ ითანამშრომლა, თუმცა არ დაკონკრეტებულა, იგულისხმება თუ არა თანამშრომლობაში ექს-პრემიერის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. სამხედრო ჰოსპიტალისთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვის საქმის სხვა ეპიზოდზე ბურჭულაძეს გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილი და 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ახლა მთავარი კითხვაა, გაუფორმდება თუ არა ყოფილ მინისტრს საპროცესო შეთანხმება ამ ეპიზოდზეც.