გიორგი ბაჩიაშვილს დღეს ახალი ბრალდება წაუყენეს. მას „მტკვარიჰესის” საქმეზე სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ედავებიან. ცოტა ხნის წინ გამართულ სასამართლო პროცესზე თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. დავის საგანია ის საინვესტიციო პროექტი, რომელიც ახალციხეში ჰესის აშენებას ისახავდა მიზნად. გამოძიების ცნობით,
თავდაპირველი გათვლებით, „მტკვარი ჰესი“ მომგებიან საინვესტიციო პროექტს წარმოადგენდა, რომლის აშენების ღირებულება დაახლოებით 140 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში 2019 წელს უნდა შესულიყო. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში ჯერ კიდევ ჰესის აშენებამდე ჩატარებული კვლევებით გამოვლენილი რისკების აღმოსაფხვრელად სათანადო ზომები არ მიიღო. ჰესი ექსპლუატაციაში დღემდე არ შესულა.