„ედელვაისი“ და „ტრანსავია“ – ახალმა ავიაკომპანიებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი ფრენები დაიწყეს. ციურიხი – თბილისის რეისით შვეიცარიიდან პირველი მგზავრები უკვე ჩამოვიდნენ. პირველი ფრენა შესრულდა საფრანგეთის დედაქალაქიდანაც. როგორც ციურიხის, ისე პარიზის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება. ჯამში მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ამ დრომდე ქართულ ავიაბაზარზე ოპერირება უკვე ხუთმა ავიაკომპანიამ დაიწყო. ახალი მიმართულებების დამატების პარალელურად, საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, გრძელდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია. პირველ რეისს ციურიხიდან მედიის წარმომადგენლებიც ჩამოჰყვნენ, ჟურნალისტები ქვეყნის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ და სტატიებს მოამზადებენ. მიზანი შვეიცარიიდან საქართველოში მეტი ვიზიტორის ჩამოყვანაა.