ახალი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ავსტრიულმა ავიახაზებმა დაიწყო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვენიდან პირველი პირდაპირი ფრენა ავსტრიის ლიდერმა ავიაკომპანიამ გამთენიისას, სავსე ბორტით შეასრულა და 136 მგზავრი ჩამოიყვანა. ახალი ევროპული ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ვენა-თბილისი-ვენას მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან ორწლიანი მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დაასრულა. AUSTRIAN AIRLINES-ი სიახლეა ქართული ავიაბაზრისთვის. ვენა არის ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება, როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის. კომპანია 1957 წელსაა დაფუძნებული და Lufthansa Group-ის შვილობილია. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 130 მიმართულებით ასრულებს.