ბათუმში დიდი ოლიმპიური დღესასწაული იწყება. საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება, დღეს 2 ივნისს, ბათუმში გრანდიოზულად გაიხსნება. უმნიშვნელოვანესი ახალგაზრდული მულტისპორტული ღონისძიება, სპორტის 17 სახეობაში, საქართველოს 12-ივე რეგიონის მონაწილეობით გაიმართება. პროექტი მიზნად ისახავს სპორტის მასობრიობის ზრდას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, რეგიონების აქტიურ ჩართულობას, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, სპორტის, ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ბათუმი, მომდევნო დღეების განმავლობაში, ქვეყნის მთავარი სპორტული ცენტრი იქნება, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ნიჭიერი სპორტსმენები სპორტის მრავალ სახეობაში იასპარეზებენ.