ახალგაზრდა სპორტსმენები კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო 

22:10, 26.06.2026

ჩემპიონატამდე ერთი დღით ადრე საპატრიარქოს სპორტსმენები ესტუმრნენ. საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებისა და 20-წლამდელ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ მიიღო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სპორტსმენები დალოცა და წარმატებები უსურვა. ახალგაზრდა ძიუდოისტები ესპანეთში მიემგზავრებიან და ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები კი მსოფლიო თასისთვის ემზადება. ტურნირი 18 ივლისის ჩათვლით საქართველოში გაიმართება. პატრიარქმა სტუმრებს საჩუქრად საიუბილეო ჯვრები გადასცა. აღნიშნული ჯვრები  საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა. ღონისძიების დასრულების შემდეგ  სპორტსმენებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. შეხვედრას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ამავე სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, სხვა სასულიერო პირები,  რაგბის კავშირის და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტები და მწვრთნელები ესწრებოდნენ.

 

მსგავსი