ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება

საია თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების პროცედურების შეჩერებას ითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევების პროცედურები დაიწყო. ამის წინაპირობა 2025 წლის 29 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ თემურ ქათამაძისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარი გახდა. ქათამაძის უფლებებს საქართველოში საია იცავს, სადაც აცხადებენ, რომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება ამ ეტაპზე იყო ის ერთადერთი შესაძლებლობა, რაც თემურ ქათამაძეს უფლებას მისცემდა კანონიერი საფუძვლით დარჩენილიყო საქართველოში და არ მომხდარიყო მისი გაძევება. გაძევების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მეორე დღესვე, 30 აპრილს მიიღო. ამავე გადაწყვეტილებით, მას ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებისთვის 10-დღიანი ვადა განესაზღვრა, რომელიც 9 მაისს ეწურება. დღესვე, ქათამაძის უფლებადამცველი გეგმავს, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნით მიმართოს, თუმცა, როგორც იურისტი აცხადებს, არ აქვს გადაწყვეტილების შეცვლის მოლოდინი. თავად ქათამაძე და მისი უფლებადამცველები, ქათამაძის გაძევებას, პოლიტიკურ მოვლენებს და მიმდინარე პროტესტში, ქათამაძის აქტიურ მონაწილეობას უკავშირებენ.