ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება
„თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ქმედებები ნათლად ცხადყოფს, რომ ისინი არ იცავენ სტუდენტების უფლებებს, არამედ პირიქით“, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი. საია ხაზს უსვამს, რომ მათ არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციებს, პატივი სცენ და დაიცვან სტუდენტების გამოხატვის თავისუფლება. „2025 წლის 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე პროტესტში მონაწილე სტუდენტებს შეუწყდათ სტუდენტის სტატუსი. აღნიშნულის საფუძვლად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ასახელებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სტუდენტებმა დაარღვიეს ნორმები. დაუსაბუთებელი და ბუნდოვანი გადაწყვეტილება სტატუსის შეწყვეტის შესახებ სტუდენტებს ეცნობათ მეილის საშუალებით 10 მარტს, ორშაბათს დილის 10:04 საათზე. შემაშფოთებელია, რომ ამ ფაქტს თან ერთვის წინა დღეს უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, როდესაც პროტესტის მონაწილე სტუდენტებს ჯერ მოსთხოვეს სასწავლებლის შენობის დატოვება, შემდეგ კი პოლიციის წარმომადგენლებმა 9 სტუდენტი 5 000 ლარით დააჯარიმა. სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების საბაბით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს მოსთხოვა შენობის დატოვება. სტუდენტებმა მიმართეს თხოვნით მათთვის გამოეყოთ სხვა სივრცე. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ არ უზრუნველყო სტუდენტებისთვის ალტერნატიული სივრცე და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით მოსთხოვა შენობის დატოვება.”, – აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.