„კაბელების საქმეზე“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2025 წლის 11 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ღლონტი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საია-ს მიერ წარდგენილი საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი, მე-3 „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევა დაადგინა. „საჩივარი შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ შესაძლო მითვისების/სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლების ფაქტს. მომჩივნების მიმართ ეროვნულმა სასამართლოებმა გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. განსახილველ საქმეში მომჩივნები ბრალდებულად იყვნენ ცნობილი გაფლანგვისთვის – დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით. გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება წარმოადგენს განსხვავებულ დანაშაულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. ამ კუთხით, სასამართლო არ იზიარებს სახელმწიფოს პოზიციას, რომ დანაშაულის სამართლებრივი კვალიფიკაცია იყო მცირედ მნიშვნელოვანი, რამდენადაც ხელახალი კვალიფიკაცია ეფუძნებოდა იმავე ფაქტებს. საბოლოო ჯამში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოდ ცნო. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მომჩივნებს არ მისცა დაცვის განხორციელების შესაძლებლობა ახალი ბრალდების ფარგლებში. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილი იყო ენახა საქმე სრულად, ვერ გამოასწორა სააპელაციო პროცესის ფარგლებში ბრალდებულების მიმართ დარღვეული უფლებები, რადგან საჩივარი დაუშვებლად ცნო. სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნების უფლებაა, იყვნენ დეტალურად ინფორმირებულნი მათი ბრალდების ბუნებისა და საფუძვლების შესახებ და ჰქონდეთ ადეკვატური დრო და შესაბამისი პირობები დაცვის უფლების განხორციელებისთვის დაირღვა. საია-ს ამ საქმეზე ჯერ კიდევ 2015 წელს მიაჩნდა, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული პირები უდანაშაულოები არიან და მათ მიერ ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა და საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო. – აღნიშნულია განცხადებაში.