„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 20 ივნისს დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების სახელით, ევროსასამართლოს ორი ახალი საჩივრით მიმართავს. საია-მ საჩივრები პარტნიორ ორგანიზაციასთან, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ ერთად მოამზადა.
როგორც საია-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, საჩივრები 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას 22 პირის, მათ შორის აქციის ათი მონაწილის, მედიის 11 წარმომადგენლისა და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი ერთი პირის მიმართ, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებისა და ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება.
20-21 ივნისის საქმეზე საია-ს მიერ დამატებითი საჩივრების ევროსასამართლოში გაგზავნას გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მათი განცხადებით, ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, თუკი კითხვის ნიშნები არსებობს, დაცვის მხარის უფლებაა, ყველა სამართლებრივი რესურსი გამოიყენოს.