თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას, სასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ვიდეოჩანაწერები წარადგინა რომლებშიც, ბრალდების მხარის შეფასებით, ბაჩო ახალაიას, დანაშაულის ნიშნების შემცველი ფრაზა ისმის. დაცვის მხარის განცხადებით, აღნიშნული იყო ბაჩო ახალაიას პირადი მოსაზრება და არა დამხობისკენ მოწოდება. დაცვის მხარემ, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილი უდაოდ სცნო. დღევანდელ სხდომაზე, ასევე დაიკითხა მანდატური. მან დეტალურად გაიხსენა თუ რა ხდებოდა პროცესზე 2026 წლის 16 თებერვალს. პროცესს ესწრებოდა ბაჩო ახალაიაც. შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას ბრალი სასამართლოზე ნათქვამი ფრაზის გამო წარუდგინეს: „მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს“. ბაჩო ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. აღნიშნული დანაშაული სასჯელის ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.