აგვისტოს ომის საქმე - ჰააგის მთავარი პროკურორი სამი პირის დაპატიმრებას ითხოვს

ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი 2008 წელს ჩადენილი ომის დანაშაულის გამო, მიხაილ მინძაევის, ჰამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის დაპატიმრების ორდერის გაცემას ითხოვს. მათ 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს ედავებიან, – ესენია თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შეურაცხყოფა, მძევლების აყვანა და გადაცემა. მიხაილ მინძაევი 2005 წლიდან 2008 წლის ოქტომბრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა მინისტრი“ იყო. გუჩმაზოვი კი წინასწარი დაკავების იზოლატორს ხელმძღვანელობდა, ხოლო დავიდ სანაკოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდნეტის“ წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში. გამოძიებამ ასევე დაადგინა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ მაიორ ვიაჩისლავ ბორისოვის სავარაუდო როლი, რომელიც განზრახ უწყობდა ხელს ზოგიერთი დანაშაულის აღსრულებას. ბორისოვი ახლა გარდაცვლილია. ამავე ტექსტის მიხედვით, პროკურატურის ოფისმა „ქცევის ანალოგიური მოდელი“ უკრაინაში სიტუაციის წინასწარი შესწავლის დროსაც დააფიქსირა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთს წინააღმდეგ ქართული მხარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებად აფასებს. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მსგავსად, ჰააგის სასამართლოს პროკურორიც პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან, რათა საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ ყველა სხვა დანაშაულზე აღსრულდეს საერთაშორისო მართლმსაჯულება. უწყებაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს  ჩადენილი მძიმე დარღვევები რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების მიერ.

2008 წლის ომის საქმეზე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება საქართველოს პროკურატურა. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად ახორციელებდა საქართველოს გენერალური პროკურატურა. ჰააგის სასამართლოში ქართული მხარის მიერ გამოძიებით მოპოვებული ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა. ეს ქვეყნის გამარჯვებაა და უმნიშვნელოვანესია ამ გამარჯვებაში საქართველოს პროკურატურასთან ერთად, საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი.