აგვისტოს ომი - საგამოძიებო კომისიის სხდომა 

2008 წლის მოვლენების განხილვა – დღე მეორე: პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვას განაგრძობს.

როგორ გაიცემოდა აგვისტოს ომის დროს სამხედრო დავალებები, რა პროცესები უძღოდა წინ საომარ მოქმედებებს, მიიღეს თუ არა ადგილობრივებმა დროული გაფრთხილება და რა ზომები გატარდა ომის დაწყების შემდეგ მოსახლეობის გამოსაყვანად – კომისიის წევრების კითხვებს უპასუხეს შეირაღებული ძალების მაშინდელმა მთავარსარდალმა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა. ზაზა გოგავას პოზიციაა, რომ ომის თავიდან აცილება გამორიცხული იყო. რეზონანსული აღმოჩნდა ლაშა ქოიავას განცხადების ის ნაწილი, სადაც მან ომამდე თვეებით ადრე საველე ჰოსპიტლის მომზადების დავალებაზე ისაუბრა. გამოსვლის დროს ქოიავამ აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ სამხედრო მოქმედებების მართვა პოლიტიკოსებმა გადაიბარეს. თუმცა გაკეთდა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც. კითხვები დაისვა რეზერვის სისტემაში არსებულ ვითარებაზე და რეზერვისტებზე პასუხისმგებელ პირებზეც. ყველა გამოსვლაში ხაზგასმული იყო ჯარისკაცების თავგანწირვა და თავდადებული ბრძოლა. განხილვა ხვალაც გაგრძელდება – პარლამენტში გენერალი მამუკა ყურაშვილი უნდა მივიდეს.