აგვისტოს ომი – საერთაშორისო გამოხმაურება
რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ოთხი ქვეყანა გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიების მილიტარიზაციასა და მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელსაც საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს. განცხადებაში რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისკენ მოუწოდებენ.
საქართველოს მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამაც. მისი განცხადებით, 2008 წლის რუსეთის აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ და შემდგომმა ოკუპაციამ გზა გაუხსნა რუსეთის აგრესიას უკრაინაში. სიბიგამ აღნიშნა, რომ უკრაინა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო საზოგადოებას, მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. პოლონეთის საელჩომ ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და დაგმო ანექსია.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ კი აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიიდან 18 წლის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია. მისი თქმით, ლატვია ამას არასოდეს აღიარებს და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.