აგვისტოს ომი – პოლიტიკური პოზიციები
შვიდი თუ რვა აგვისტო – ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებული დავა გრძელდება.
„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ომის დაწყების თარიღად 2013 წლამდე 8 აგვისტოს მიიჩნევდა, უკვე რამდენიმე წელია ომის დაწყების დღედ 7 აგვისტოს აცხადებს და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს სწორედ დღეს მიაგებს. რატომ შეცვალა წლების შემდეგ თარიღი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – მმართველი პარტია ყოფილ ხელისუფლებას ვიდეო არქივს, ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების სასარგებლო რეზოლუციის ხელმოწერას და წლების წინ, პრეზიდენტის მიერ გამოცემულ 402-ე დადგენილებას ახსენებს. „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით მანიპულაციებში ადანაშაულებს. 18 წლის წინ, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით შემოიჭრნენ. რუსულმა ავიაციამ დაბომბა რამდენიმე ქალაქი, გადაწვა ათეულობით სოფელი, სამხედრო ბაზები და სხვა სტრატეგიული ობიექტები. რუსულ სამხედრო აგრესიას 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები, სამხედროები და პოლიციელები. დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, 150-ათასზე მეტი პირი კი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.